უწყებათაშორისი კომისია აქციების ორგანიზატორებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს
უწყებათაშორისი კომისია აქციების ორგანიზატორებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს
18:57 27.06.2012
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია მერეთში გუშინ მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება.
როგორც კომისიის წევრმა, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების მიმართ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს და დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, აქციების ორგანიზატორებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი შეხედულების შეუზღუდავად გავრცელებას. ამ თვალსაზრისით ჩვენი კანონმდებლობა განსაკუთრებით ლიბერალურია“ - განაცხადა კინწურაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პლურალიზმი და თავისუფალი საარჩევნო გარემო სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. კომისიის წევრი მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, ეს ფუნდამენტური უფლება დაცული უნდა იყოს, მეორე მხრივ, უნდა გამოირიცხოს დაპირისპირება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ჯგუფებს შორის.
„კომისია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს, შეეცადონ, საჯარო აქციების ორგანიზების დროს დაიცვან დისტანცია, რათა თავიდან იქნას აცილებული ფიზიკური დაპირისპირების საფრთხები“-აღნიშნა კინწურაშვილმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები - ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია გუშინ გორის რაიონის სოფელ მერეთში ადგილობრივებს ხვდებოდნენ, რა დროსაც კოალიციის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ორი მათგანი, მათ შორის, გოგონა, სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაპირისპირების პროვოცირებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

ბეჭდვა