საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების სამუშაო შეხვედრაში
საქართველოს პარლამენტში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების შესაძლებლობის საკითხი.
აღნიშნულ სამუშაო შეხვედრას პარლამენტის წევრების გარდა ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის განმტკიცების კონტექსტში, ხათუნა თოთლაძემ ისაუბრა კონვენციის ფაკულტატური ოქმის განსაკუთრებული მნიშვნელობის თაობაზე.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფაკულტატური ოქმის სავალდებულოდ აღიარება და მისი ამოქმედება უკეთ უზრუნველყოფს, როგორც კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას, ისე აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციას, ასევე ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თვისობრივად ახალი, უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.
