მიხეილ ჯანელიძე ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობების ჯგუფის წევრებს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობების ჯგუფის წევრებს შეხვდა
19:01 12.06.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობების საპარლამენტთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელს კარინ შტრენცს და ამავე ჯგუფის წევრებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო და მრავალმხრივი ურთიერთობები, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განზომილებასაც წარმატებით მიმდინარე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა წარმოადგენს. ამ კონტექსტში, ასევე, ხაზი გაესვა საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნის მნიშვნელობას. ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ახალ შესაძლებლობებსაც.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის წევრებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის და ხაზგასმით აღნიშნა ამ მიმართულებით გერმანული მხარის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს, რეგიონში განვითარებულ პროცესებს და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს.
ბუნდესტაგის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით საქართველო რეგიონის ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. მათ ასევე გამოხატეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების კურსის ისევე, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობების საპარლამენტთაშორისო ჯგუფის წევრები 2017 წლის 11-დან 13 ივნისის ჩათვლით სტუმრობენ საქართველოს და შეხვედრებს მართავენ როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ქვეყანაში მოქმედ გერმანულ ორგანიზაციებთან.


ბეჭდვა