პოლიტიკურ კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალი პარტიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილი აცხადებს, რომ კანონის დარღვევისთვის ყველა თანაბრად აგებს პასუხს.
„თუ ადგილი ჰქონდა რომელიმე პარტიის მიერ უკანონო შემოწირულობების მიღებას ან იურიდიული პირის მხრიდან შეღავათიან მომსახურებას, ან რაიმე სხვა ფორმით შეღავათის გაწევას, კანონი ამისთვის შესაბამის ჯარიმას ითვალისწინებს“ – განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ ეზღუდება შემოწირულობის განხორციელება.
„თუ ამ პირს აქვს შესაბამისი შემოსავალი, მას შეუძლია ამ შემოსავლის ფარგლებში განახორციელოს შემოწირულობა“ – განაცხადა დეპუტატმა.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულობებს და ოპოზიციის ბრალდებას იმის შესახებ, რომ პარტიის შემომწირავ პირებს შორის იურიდიული პირის, კერძოდ სს „მადნეულის“ თანამშრომლები ფიგურირებენ, კუბლაშვილი არ გამორიცხავს, რომ შემომწირველებს შორის იყოს რომელიმე საწარმოს პარტნიორი ან დამფუძნებელი, თუმცა, ის შემოწირულობას ახორციელებს როგორც ფიზიკური პირი.
„იურიდიული პირის მიერ შემოწირულობის განხორციელებას ადგილი არ ჰქონია. თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება, ასეთ შემთხვევაში რეაგირება მოხდება, მიუხედავად იმისა, ვის ეხება ეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ სხვა პარტიას“ – განაცხადა მან.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონის თანახმად, 500 ათასი ლარის ფარგლებში შეიძლება ერთი და იგივე ფინანსური წყაროდან მიღებული შემოსავლებიდან შემოწირულობის განხორციელება.
„ამ შემთხვევაში არანაირი ზღვარი არ დარღვეულა და აქედან გამომდინარე, ვერც ერთ ფიზიკურ პირს ვერ აეკრძალება მისი კუთვნილი შემოსავლიდან შემოწირულობის განხორციელება“ – განაცხადა კუბლაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი პოლიტიკური პარტიები 2 383 097 ლარით დააჯარიმა, რაც შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ კოალიციის სხვადასხვა ოფისის რემონტს უკავშირდება.
