ინდოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
ინდოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
17:22 10.06.2017
ინდოეთის ქალ;აქ მუმბაის სასტუმრო „Taj Mahal Palace“-ში, საქართველოს საელჩოს სახელითა და მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას 300-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების, ფინანსური წრეების, ასევე ბოლივუდის ცნობილი სახეები და მუმბაიში აკრედიტებული გენერალური საკონსულოების წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა, ინდოეთის მაჰარაშტრას შტატის მთავრობის წარმომადგენელმა სუმიტ მალიქმა და საპატიო კონსულმა სატინდერ აჰუჯამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, მიღებას ესწრებოდა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი გიორგი ტაბატაძე.

მიღებაზე, ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტებმა შეასრულა ქართული ცეკვები. ასევე შედგა ქართული ღვინის პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პირველი მიღება, რომელიც ინდოეთის ფინანსურ დედაქალაქში ქ. მუმბაიში შედგა.

3 ივნისს კი, არჩილ ძულიაშვილი და გიორგი ტაბატაძე ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში იმყოფებოდნენ, სადაც, საქართველოს საპატიო კონსულის შრივ რატან შარდას დახმარებით, უმასპინძლეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას.

საზეიმო მიღებაზე, საპატიო სტუმრის რანგში იმყოფებოდა ნეპალის ვიცე პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, კრიშნა ბაჰადურ მაჰარა . მიღებას დაესწრნენ ნეპალის არმიის გენშტაბის უფროსი, პრემიერ მინისტრის მოადგილე ასევე ნეპალის მთავრობის წევრები და 400-მდე სტუმარი დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში, ეს იყო საქართველოს სახელით ჩატარებული პირველი ოფიციალური მიღება ნეპალის დედაქალაქში.

ღონისძიების ფარგლებშივე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა საქართველოს საპატიო საკონსულო ნეპალში.


ბეჭდვა