ზურაბ ტყემალაძე - სასამართლომ არარსებული ქმედებისთვის დაგვაჯარიმა
ზურაბ ტყემალაძე - სასამართლომ არარსებული ქმედებისთვის დაგვაჯარიმა
16:39 27.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის შეფასებით, სასამართლომ ჯარიმა კოალიციაში შემავალ სუბიექტებს არარსებული ქმედებისთვის დააკისრა.

როგორც „ნიუსპრესს“ ტყემალაძემ განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯარიმასთან დაკავშირებით მიუღებელი და გაუგებარია.

„სასამართლომ ჯარიმა იმ ქმედებისა თუ არქმედებისთვის დაგვაკისრა, რომელთანაც შეხება საერთოდ არ გვქონია. თუ მსგავსი რამ საერთოდ მოხდა, ეს იყო თებერვალ-მარტში, ჩვენ კი - ხელშეკრულების გაფორმება პირველი ივნისიდან დავიწყეთ. შესაბამისად, ამ დრომდე არსებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“- აცხადებს ტყემალაძე.

მისივე თქმით, პარტია არ აპირებს ჯარიმის გადახდას და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ჩვენ ჯარიმას არც გადავიხდით და ვერც გადავიხდით, რადგან პარტიას არ აქვს ამდენი შემოწირულობა“ - აღნიშნა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის დადგენილების საფუძველზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 2 383 097 ლარით დააჯარიმა.
კონტროლის პალატის განცხადების თანახმად, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები - „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატორული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. დაკისრებული ჯარიმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

ბეჭდვა