„განვითარების კვლევითი ინსტიტუტი” “Must Carry”-ის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანქციის დაწესებას ითხოვს
„განვითარების კვლევითი ინსტიტუტი” “Must Carry”-ის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანქციის დაწესებას ითხოვს
15:53 27.06.2012
„საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი” მაუწყებლობის გავრცელებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მომზადებული  კანონპროექტის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მკაცრი ფინანსური სანქციის დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების ავტორთა თქმით, კანონპროექტის თანახმად, ავტორიზებული საკაბელო ტელევიზიები ვალდებული იქნებიან თავის პაკეტში განათავსონ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ყველა ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობას ეწევა თანამგზავრის მეშვეობით, ასევე, საერთო მაუწყებელი, რომელიც საერთო მაუწყებლობას შესაბამისი საკაბელო ტელევიზიის მომსახურების ზონაში ეწევა.
„განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ეს ვალდებულება მხოლოდ არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე და მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ საკაბელო ტელევიზიას მაუწყებლობის განთავსების ტექნიკური საშუალება და თავისუფალი რესურსი აქვს.
„ამ ბოლო წინადადებამ ზემოაღნიშნული ვალდებულება შეიძლება „მკვდარ“ ნორმად აქციოს, ვინაიდან საკაბელო ქსელის მფლობელს ამ საბაბით შესაძლებლობა ექნება, მაგალითად, ამჟამად არსებულ ყველა თავისუფალ არხზე სხვადასხვა, მაყურებლისთვის უინტერესო ტელეგადაცემების განთავსებით ან ტექნიკური საშუალების უქონლობის მომიზეზებით, თავის პაკეტში არ განათავსოს თავისთვის ან ხელისუფლებისთვის არასასურველი მაუწყებლები. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია წარმოდგენილი პროექტიდან ბოლო წინადადების ამოღება“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ინსტიტუტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ფინანსური სანქციის დაწესება და დავის სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტილების მისაღებად 3 დღიანი ვადის დადგენა.
მათივე განცხადებით, ზემოაღნიშნული ორი პირობის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, ამ წესის დაკანონება წინასაარჩევნოდ საზოგადოების მოთხოვნას მხოლოდ მცირეოდენ დააკმაყოფილებს. რადგან, მათი აზრით, საარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნამდე რამდენიმე თვით ადრე იწყება და არჩევნების დანიშვნამდე ელექტორატს დღეისათვის არსებული ინფორმაციის ტენდენციურად მიწოდების პირობებში, მრავალმხრივი ინფორმაციის მიღებისა და ობიექტური დასკვნის შესაძლებლობა არ ექნება.

ბეჭდვა