BSEC-ის სამიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრები გაიმართა
BSEC-ის სამიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრები გაიმართა
14:49 27.06.2012
სტამბოლში თურქეთისა და სერბეთის პრეზიდენტების თანათავმჯდომარეობით გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ოცი წლისთავისადმი  მიძღვნილ საიუბილეო სამიტზე სამიტის დეკლარაცია მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. მან აუდიტორიას სიტყვით მიმართა და ყურადღება შავი ზღვის რეგიონის მზარდ მნიშვნელობაზე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საჭიროებაზე გაამახვილა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიდან ირკვევა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას რეგიონში არსებული კონფლიქტები ხელს უშლის და აღნიშნა, რომ BSEC-ი რეგიონში შექმნილ ახალ რეალობას და გამოწვევებს უნდა პასუხობდეს.
მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები ასევე, მოლდოვას პრეზიდენტთან ნიკოლაე ტიმოვტისთან და უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერ-მინისტრთან ვალერი ხოროშკოვსკისთან გამართა.
სამიტის დროს, ასევე, გაიმართა BSEC-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) საგანგებო სხდომა, რომელსაც BSEC-ის უფროსი თანამდებობის პირთა (CSO) კომიტეტის შეხვედრა უსწრებდა წინ.
ქართულ მხარეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე წარმოადგენდა. სხდომაზე ხაზი 20 წლის განმავლობაში ორგანიზაციის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს გაესვა.

ბეჭდვა