საქალაქო სასამართლოსთან „ქართული ოცნების“ თეატრალიზებული აქცია გაიმართა
საქალაქო სასამართლოსთან „ქართული ოცნების“ თეატრალიზებული აქცია გაიმართა
13:03 27.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქალაქო სასამართლოსთან თეატრალიზებული აქცია „მარიონეტული სასამართლო“ გამართა.

აქციის მონაწილეები, საქალაქო სასამართლოსთან პლაკატებითა და სათამაშოებით მივიდნენ, რაც მათი თქმით, იმის გამოხატულებაა, რომ დღეს სასამართლო სისტემა მარიონეტია და „ერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის მიერ იმართება“.

როგორც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე ზურაბიანმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, აღნიშნული აქცია საარჩევნო კამპანია „ჩემი უფლებაა ვიცოდეს ფარგლებში“ იმართება.

მისი თქმით, „ქართული ოცნების ახალგაზრდები ყველა სახელმწიფო დაწესებულებასთან გამართავენ მსგავს აქციას, რათა ხელისუფლებას და მის მარიონეტებს უთხრან, რომ მათ არა აქვთ უფლება უგულებელყონ საზოგადოებრივი აზრი და კანონიერება. რასაც, მისივე თქმით, სასამართლო სისტემა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლების განმავლობაში აკეთებენ.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდები თეატრალიზებულ აქციას ხვალ 12.00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართავენ.

ბეჭდვა