პარტია „ახალი მემარჯვენეების ლიდერები“ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში
2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული გარემოს გასაცნობად არიან ჩამოსულნი.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, დელეგაციაში მისურის შტატის მდივანი რობინ კარნაჰანი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სემ გეჯდენსონი, NDI-ს პრეზიდენტი კენეთ ვოლაკი და NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო შედიან.
პარტიის ინფორმაციით, ისინი არჩევნებისთვის მზადების პროცესით და „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური აქტივობით დაინტერესდნენ.
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დელეგაციის წევრებს ზოგადად ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია და შეხედულებები გააცნო, ასევე, იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელსაც პარტიას წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგაშუქებასთან, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვასთან დაკავშირებით ექმნება.
დელეგაციის წევრები ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის, კონტროლის პალატის და უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით "ახალი მემარჯვენეების" პოზიციით დაინტერესდნენ.
შეხვედრაზე დელეგაციის მხრიდან დაფიქსირდა, რომ ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო გარემოს მონიტორინგი დაიწყება, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.
შეხვედრას პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე და ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია, საერთაშორისო მდივანი ირინა ფრუიძე და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაკაბაძეც ესწრებოდნენ.
