სააკაშვილმა BSEC-ის სამიტის მონაწილეებს მიმართა
სააკაშვილმა BSEC-ის სამიტის მონაწილეებს მიმართა
10:24 27.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სტამბოლში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სამიტის მონაწილეებს მიმართა. გამოსვლისას  მიხეილ სააკაშვილმა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, BSEC-ი მთავრობებსა და ბიზნესს შორის მუდმივ დამაკავშირებელ ხიდად უნდა იქცეს. მისივე თქმით, უნდა განისაზღვროს საერთო ინტერესების არეალები, დაისახოს მიზნები, რომლებიც ქვეყნებში ინვესტიციების გაზრდას და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ ყველა ქვეყანასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობები გვაქვს ერთი თვალსაჩინო გამონაკლისის გარდა. თუმცა, რუსეთთან მიმართებაშიც შეგახსენებთ, რომ მხარი დავუჭირეთ მის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ცალმხრივად დავაწესეთ უვიზო მიმოსვლა რუსეთის მოქალაქეებთან. ეს საქართველოს მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. საქართველო არ არის მტრული ქვეყანა“- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველო რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ახდენს და როდესაც რუსეთი თავის სამხედრო ძალებს საქართველოს ტერიტორიებიდან გაიყვანს, მაშინ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მალე დარეგულირდება.
„მგონია, რომ ეს იმაზე გაცილებით სწრაფად მოხდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ბისეკი ნამდვილად ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც თავისი წევრების ევროპულ მისწრაფებებს უჭერს მხარს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სამიტი, რომელიც ორგანიზაციის 20 წლის იუბილეს ეძღვნება, ახალი ფურცლის დასაწყისი გახდება“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას.
სამიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გამართა შეხვედრები.
BSEC-ის სამიტის მუშაობა უკვე დასრულდა. ფორუმის მონაწილე თორმეტივე ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომავალში ორგანიზაცია კიდევ უფრო აქტიური გახდება და ბევრად მეტი პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ბეჭდვა