ოსლოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოსა შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს
აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს და ნორვეგიის სამეფოს ეროვნული ჰიმნების შესრულებით გაიხსნა, რის შემდეგაც, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკა ციხელაშვილმა. თავის გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა საქართველოსთვის ამ ღირსშესანიშნავი თარიღის მნიშვნელობასა და საქართველოში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, თავდაცვისა და კულტურის სფეროებში.
მიღებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი ვეგარ სტრომმენი, რომელმაც ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ისაუბრა ნორვეგია-საქართველოს ურთიერთობებზე.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. ასევე გაიმართა ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩის მეუღლის, მანანა ზარიძის ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა, ნაციონალური სამოსის სახლმა წარმოადგინა ქართული ეროვნული სამოსის სახეობები. ასევე ჩატარდა ქართველი მომღერლების, მიხეილ სულუხიასა და გიორგი ჩიქოვანის კონცერტი.
მიღებას ესწრებოდნენ ქ. ოსლოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ნორვეგიის სამეფოს სხვადასხვა უწყების, ბიზნეს-წრეებისა და ნორვეგიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
საზეიმო მიღებაზე საელჩო დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინითა და მინერალური წყლებით გაუმასპინძლდა.
