ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა დაიწყო
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა დაიწყო
12:47 29.05.2017
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.
პლენარულ სხდომა მისასალმებელი სიტყვით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ გახსნა.
„დღეს ვასრულებთ საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიულ სესიას. საქართველომ მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა - რომ საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას ეკუთვნის“,- განაცხადა პაოლო ალიმ და საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციასა და მის ხელმძღვანელს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„თბილისში ყოველი ვიზიტისას, ვხედავ, როგორია საერთო სულისკვეთება - ქართველი ხალხი გრძნობს, რომ მათი ბედისწერა და მომავალი ევროკავშირსა და ნატოსთან ერთადაა. ვიზიტის ფარგლებში ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი ამაყია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მასპინძლობით და ასევე, ასამბლეაც ამაყია, რომ სესიას საქართველომ უმასპინძლა“,- აღნიშნა ასამბლეის პრეზიდენტმა.
პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ბოლო 15 წელია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა ნატოს საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუციაზე საერთაშორისო უსაფრთხოებაში და აღნიშნა, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი დონის პროფესიონალიზმისა და ნატოში ინტეგრაციისთვის მზაობის დემონსტრირება მოახდინეს.
პაოლო ალიმ ქართველ სამხედროებს გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოება იმ ჯარისკაცების ვალშია, რომლებმაც მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებაც და განაცხადა, რომ ნატო მხოლოდ თავდაცვის ალიანსი არ არის - ეს არის ხალხთა ერთობა, რომლებსაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებების, მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ღირებულებები აერთიანებთ. მისივე განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ამ საერთო ღირებულებებს იზიარებს.
ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის მიდრეკილება. როგორც პაოლო ალიმ აღნიშნა, ამ გზაზე ქართველების მხარდაჭერა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
პაოლო ალის განცხადებითვე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა სისტემატიურად გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას. მისი თქმით, რუსული ანექსია მიუღებელია.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, დეკლარაცია, რომელსაც დღეს, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სესიაზე მიიღებენ, არის ძლიერი მხარდამჭერი განაცხადი დემოკრატიული და სუვერენული საქართველოს მიმართ, რომლის მომავალიც ნატოშია. პაოლო ალიმ იმედი გამოთქვა, რომ დეკლარაცია ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნება მიღებული. ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ასამბლეა, საქართველოს მხარდაჭერაში ერთსულოვანია.
პაოლო ალიმ ისაუბრა მონტენეგროს ნატოში ინტეგრაციის შესახებაც და განაცხადა, რომ მონტენეგროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის წარმატება საქართველოსთვისაც, რადგან ეს არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ნატოს კარი ღიაა და ვერანაირ საგარეო ზეწოლას წევრობის მიზნის განხორციელებისთვის ხელის შეშლა არ შეუძლია.
პაოლო ალის განცხადებით, ნატო ზრდის წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში და აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან. ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა ტერორიზმთან ბრძოლისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებული სხვა გამოწვევების შესახებაც და აღნიშნა, რომ ნატო უსაფრთხოების გარანტორად რჩება.
პაოლო ალიმ ისაუბრა გლობალურ უსაფრთხოებაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როლისა და მნიშვნელობის შესახებ.
ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ერის მისწრაფება ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციიისთვის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის სულისკვეთება - ყველასთვის შთამაგონებელია. პაოლო ალიმ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.

დამსწრეებს ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„ეს დღეები ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. თქვენმა ჩამობრძანებამ თბილისში კიდევ უფრო განგვიმტკიცა იმედი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გამართვა თბილისში დიდი დატვირთვის მატარებელია როგორც სიმბოლური, ისე პრაქტიკული პოლიტიკური თვალსაზრისით. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში გამართვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს სურვილი, თავის რიგებში იხილოს საქართველო.

„მინდა გამოვხატო მადლიერება ნატო-სა და მისი წევრი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი. ნატო-ს ცალკეული წევრები დახმარებას გვიწევდნენ თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. უელსისა და ვარშავის სამიტების შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდა. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერა საქართველოს ახლო მომავალში ნატო-სთან სტრატეგიული დაახლოების ახალ ეტაპზე გადაიყვანს,“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნატო საქართველოსათვის არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად, არამედ, თავისუფლების იდეალებისა და დემოკრატიული ღირებულებების გასაზიარებლად საუკეთესო პლატფორმაა.
მისი თქმით, „ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ახლად გაწევრიანებულმა და კანდიდატმა სახელმწიფოებმა ბევრად მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა მიიღეს, ვიდრე ქვეყნებმა, რომლებმაცსხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვეს დასავლურ ინტეგრაციაზე. ჩვენ, ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ ღიად გამოვხატეთ სურვილი, ვიყოთ არა მხოლოდ ალიანსის წევრი, არამედ ევროატლანტიკური თანამშრომლობის ღირსეული და აქტიური მონაწილე.“
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განტკიცება ნათლად წარმოაჩენს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოლიტიკურ ნებას და არჩევანს, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
„მოხარული ვართ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცესთან საქართველოს დაახლოების პროცესი დინამიურად წარიმართება. დღეს ქართველი სამხედროები გლობალურ უსაფრთხოებას იცავენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ხოლოხელისუფლება ახერხებს საქართველო სტაბილურობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების მოდელად აქციოს რეგიონში. თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ევროატლანტიკური თანამეგობრობა - დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, შემწყნარებლობას, ჰუმანურობას,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება რუსული პოლიტიკისგან გამომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამის საპასუხოდ, ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით, საქართველო შეძლებს კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი სახელმწიფოებრიობა და მსოფლიოს წამყვან გაერთიანებებში გაწევრიანდეს.
„ ჩვენი არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ იგი ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გამოხატულებაა. ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან უწევს უთანასწორო ბრძოლა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევით, კონფლიქტების გაღვივებით, პირდაპირი სამხედრო აგრესიით და ბოლოს, მცოცავი ანექსიით, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოში აპრობირებული მეთოდებით დღეს მოსკოვი ცდილობს ადამიანები და ხალხები დააშინოს, გათიშოს და იბატონოს ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემა - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყირიმსა და დონბასში, აღმოსავლეთ ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში,“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისასალმებელ სიტყვაში ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმაზეც ისაუბრა და აღნშნა, რომ რეფორმის უმთავრესი მიზანი ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობის სისტემის განმტკიცებაა.
„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში განვამტკიცოთ დემოკრატია, ჩამოვაყალიბოთ კონსოლიდირებული და სტაბილური პოლიტიკური სისტემა და გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ავტოკრატია, რომელმაც ჩვენ ქვეყანას ორი ათწლეულის განმავლობაში უამრავი პრობლემა შეუქმნა. საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის სტაბილურ საპარლამენტო დემოკრატიად. ამგვარი საქართველო იქნება სასურველი და მტკიცე პარტნიორი ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის როგორცპოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით,“-განაცხადა პალამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ დღევანდელი მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე მდგომ თანამედროვე გამოწვევებზე, საინფორმაციო ომებზე და კონვენციური სამხედრო დაპირისპირების საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ღირებულებები, თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულება და ყოველდღიური მჭიდრო თანამშრომლობა იქნება საფუძველი იმისა, რომ ნატო სათანადოდ გაუმკლავდეს ყველა სირთულეს და საერთაშორისო უსაფრთხოების ქვაკუთხედად დარჩეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საქართველოში სტუმრობისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და გამოსვლა ნატო-ს პირველი გენერალური მდივნის, ჰეისტინგს ისმეის სიტყვებით დაასრულა: „ნატო უნდა გაფართოვდეს მანამ, სანამ მისი ქოლგის ქვეშ არ მოექცევა მთელი თავისუფალი სამყარო“.

ბეჭდვა