კანონპროექტს წინასაარჩევნო პერიოდში სააკაბელო კომპანიების მიერ მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის შესახებ დღეს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ გუშინ დაარეგისტრირა და მისი განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროზე განაცხადა, პროექტი ხუთშაბათისა და პარასკევის პლენარულ სხდომებზე დამტკიცდება.
კანონპროექტი მაუწყებლის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებას ითვალისწინებს. კერძოდ, ის ვალდებულია არჩევნების გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პავლე კუბლაშვილი, ნუგზარ წიკლაური და კახაბერ ანჯაფარიძე.
ამასთან, პრეზიდენტი მიმართავს პარლამენტს უმოკლეს ვადაში განიხილოს და მიიღოს აღნიშნული ინიციატივა, რომელიც მედიასაშუალებების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
