საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციიდან, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა 2011 წლის 26 მაისს მოაწყო,
დღეს 6 წელი შესრულდა.
ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა გაერთიანება "სახალხო კრებამ" საპროტესტო აქციები 21 მაისს დაიწყო.
პირველი აქცია თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც 30 ათასზე მეტი პროტესტანტი შეიკრიბა.
მოგვიანებით აქცია კოსტავას ქუჩაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გაგრძელდა.
25 მაისს კი, მშვიდობიანმა მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს.
25 მაისის ღამის 11:30 საათზე, აქციის მონაწილეები ვანო მერაბიშვილის პოლიციასა და გაურკვეველი წარმოშობის ზონდერ-ჯგუფებს უკვე სრულ ალყაში ჰყავდათ მოქცეული.
სისხლიანი სპეცოპერაცია ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო, როდესაც სხვადასხვა სახის იარაღით შეიარაღებულმა პირებმა მომიტინგეებზე წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით, მხუთავი აირით, ფსიქოლოგიური ხმოვანი იარაღით და ხელკეტებით იერიში მიიტანეს.
გამომდინარე იქიდან, რომ აქციის მონაწილეებს გასაქცევი გზა ყოველმხრივ ჩაკეტილი ჰქონდათ, მათმა ნაწილმა თავი იქვე მდებარე კინოთეატრ "რუსთაველის" შენობას შეაფარა, რომელიც მოგვიანებით სამთავრობო შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაიკავეს.
აღნიშნული სპეცოპერაციის დროს დააკავეს რამდენიმე ასეული მომიტინგე, ნაცემი და დასახიჩრებული იქნა ათასობით ადამიანი, ხოლო აქციის ორი მონაწილე სააკაშვილის რეჟიმის ფორმირებებმა ადგილზე მოკლეს.
მოგვიანებით მათი ცხედრები თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტის სახურავზე დაალაგეს და გამოაცხადეს, რომ ისინი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ.
აღნიშნული საქმე ბოლომდე ჯერ კვლავ არაა გამოძიებული.
