ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საერთაშორისო კონფერენცია - „საბერძნეთი-ევროპული იდენტობა-საქართველო“ გაიმართება. ამის შესახებ
„ნიუსპრესს“ უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
„თსუ“-ს ინფორმაციით, კონფერენცია საბერძნეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავისა და თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში იმართება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქართველი სტუდენტების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის - „ყველა ეპოქის დიდი ბერძნები“ ჩვენება, ასევე, გაიმართება გამოფენა - „საბერძნეთი ქართველ მხატვართა შემოქმედებაში“, დაგეგმილია საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ წიგნების გამოფენაც, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კი - შედგება ექსპოზიცია „ბერძნული ხელნაწერები საქართველოში.“
ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელეფთერიოს პროიოსი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი სულხან სისაური დაესწრებიან.
30 ივნისს, 22.00 საათზე კონფერენცია დეფილეთი - „ანტიკური მოდების სამყარო“- მინოსური კრეტადან გვიან ანტიკურობამდე - დაიხურება.
