პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეკითხვას - სად იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და რატომ არ იყო რუსთაველის გამზირზე ხალხთან ერთად, აბსურდული უწოდა.
ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტს უპასუხა, რომ ის აგვისტოს ომის დროს, როდესაც საქართველოში რუსული ტანკები შემოვიდნენ, ურეკში იმყოფებოდა.
„გაუგებარია თბილისში დემონსტრაციაზე რატომ უნდა ჩამოვსულიყავი. ეს სახელმწიფოს პრეროგატივა იყო. მე ასეთ საკითხებს ვერიდებოდი“ - განმარტა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მსგავს შეკითხვებს დღეს გორის რაიონის სოფელ მერეთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას „მიხეილ სააკაშვილის მიერ მიყვანილი ქალბატონები ყვიროდნენ“.
„ასეთი შეკითხვები აბსურდულია, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა ომის დროს უამრავი სისულელე და შეცდომა დაუშვა“ - განაცხადა ივანიშვილმა.
