საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „მაუწყებლის ტრანზიტის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ორთვიანი ვადა ამომრჩევლის ინფორმირებისთვის საკმარისია.
როგორც წიკლაურმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნებამდე ორთვიანი პერიოდია, და თუ ვინმეს რამე სათქმელი აქვს მოსახლეობისთვის, მისი თქმით, მას ამის სრუფასოვანი შესაძლებლობა ექნება.
„ეს მაღალი დემოკრატიული სტანდარტის ნიმუშია. მიგვაჩნია, რომ ეს ორთვიანი პერიოდი შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთების საშუალება“ – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საკაბელო მაუწყებლებს გაუჩნდებათ ვალდებულება, გადასცენ საქართველოში ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებლის სიგნალი.
მისი თქმით, პროექტი შეეხება საერთო მაუწყებლებს, ხოლო თუ რომელიმე ტელევიზიის ლიცენზია მოქმედებს მხოლოდ განსაზღვრულ არეალში, ამ შემთხვევაში იქ მოქმედმა საკაბელო მაუწყებლებმა უნდა გადაცენ ამ ტელეკომპანიის სიგნალი.
ამასთან, წიკლაური უსამართლოს უწოდებს მოთხოვნას საკაბელოებზე ამ ვალდებულების არჩევნების შემდეგაც გავრცელებას.
„ამ ორთვიან პერიოდში მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი არსებობს“ – აღნიშნა მან.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პავლე კუბლაშვილი, ნუგზარ წიკლაური და კახაბერ ანჯაფარიძე.
კანონპროექტის განხილვა ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყება და საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.
