„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და ედპ-ის განახლებული პროგრამის მთავარი პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრაზე ქარდავამ მოსახლეობაში არსებულ საბანკო დავალიანებების პრობლემაზე ისაუბრა.
„ჩვენ საქართველოს ყველა რეგიონში გვაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან. ყველგან იკვეთება პრობლემა, რომელიც მოსახლეობის საბანკო დავალიანებას უკავშირდება. ამან უამრავი ოჯახი განადგურების პირას მიიყვანა“- განაცხადა ქარდავამ და აღნიშნა, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების გეგმას სთავაზობს, რაც სარეზერვო ფონდიდან ფინანსების გამოყოფაში გამოიხატება, რათა ბანკებმა საკრედიტო დავალიანებების გადავადება ხანგრძლივი ვადით მოახდინონ, ჩამოწერონ საჯარიმო თანხები და პროცენტები, შედეგად კი მოსახლეობა სესხის მხოლოდ საწყის ოდენობას გადაიხდის, რომელიც რამდენიმე წელზე იქნება გათვლილი.
ქარდავა სამგორის მოსახლეობას ედპ-ის ინიციატივაზე - დიასახლისის სტატუსის შემოღების შესახებაც ესაუბრა. პარტიის თავმჯდომარემ ყურადღება საყოველთაო დაზღვევისა და უმუშევრობის პრობლემის დაძლევის გზებთან დაკავშირებითაც გაამახვილა.
