ბიძინა ივანიშვილი - მერეთის ინციდენტში კუდ-ის წარმომადგენლები და „ზონდერები“ მონაწილეობდნენ
ბიძინა ივანიშვილი - მერეთის ინციდენტში კუდ-ის წარმომადგენლები და „ზონდერები“ მონაწილეობდნენ
17:18 26.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცენების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს, გორის რაიონის სოფელ მერეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მომხდარ არეულობას კუდ-სა და ე.წ. ზონდერებს უკავშირებს.

როგორც ივანიშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მოსახლეობასთან შეხვედრაზე არც ერთი ადგილობრივი არ იყო, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ აგრესია მოსახლეობას არ გამოუხატავს. მისი თქმით, არეულობა ყვითელი ავტობუსით მიყვანილმა ე.წ. ზონდერებმა გამოიწვიეს.

„კადრებში შეგიძლიათ ნახოთ ე.წ. ზონდერები როგორ აქტიურობდნენ. ერთ-ერთი მათგანი გორის სამაშველო სამსახურის უფროსია. დღეს მათ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები გამოიყენეს. სააკაშვილი არჩევნებში აუცილებლად წააგებს“ - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ხალხი კარგად აცნობიერებს ვინ არის სააკაშვილი.

მისი ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრის ჩასაშლელად ხელისუფლებამ ხალხი იმისთვის მიიყვანა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას განსხვავებული აზრი არ მოესმინა.

„ქართული ოცნების“ ლიდერი მსგავსი ინციდენტების დროს, მოსახლეობას მოთმინების გამოჩენას სთხოვს, ასეთი ფაქტები კი, მისი ვარაუდით, კიდევ განმეორდება.

მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს დაზარალდა ლიზი შავლუხაშვილი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში გადაყვანილი.

„ძალიან ცუდია, რომ ასეთ დროს მოსახლეობა ზარალდება. ამ ყველაფერს ვერ შევაჩერებთ. არჩევნებამდე, ეს ყველაფერი უნდა გადავიტანოთ. აგონიაში მყოფი სააკაშვილი ყველაფრის მოგვარებას ცემა-ტყეპით აპირებს“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ინციდენტის დროს, „ქართული ოცნების“ წარმომადგნლებს პოლიციის მხრიდან პრობლემა შეექმნათ.

მისი თქმით, ადგილზე ვითარების გასარკვევად „ქართული ოცნების“ ადვოკატები ჩავლენ.

ბეჭდვა