საქართველოს საგარეო უწყება რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას გმობს
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას გმობს
17:57 18.05.2017
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და სოხუმში მის საოკუპაციო რეჟიმს შორის ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის თაობაზე ე.წ. შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2017 წლის 18 მაისს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმში მის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერას „შინაგან საქმეთა უწყებების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის თაობაზე“.

რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა, ხოლო ახლა საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოების შერწყმა, რომლებსაც ინტეგრაციის შესახებ 2014 წლის ე.წ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა, წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მკაფიო დასტურს.

ე.წ. შეთანხმება სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა. ესარის რუსეთის ფედერაციის გამიზნული ქმედება, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა. მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას, ასევე ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესები კიდევ ერთხელ ცხადყოფს მტკიცე და კონსოლიდირებული საერთაშორისო ძალისხმევის აუცილებლობას. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პრევენციისა და დეოკუპაციის მიზნით"-ნათქვამია განცხადებაში.


ბეჭდვა