ბაქრაძე – წინასაარჩევნოდ ნებისმიერი პარტიის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა ინციდენტებს თავი უნდა აარიდონ
ბაქრაძე – წინასაარჩევნოდ ნებისმიერი პარტიის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა ინციდენტებს თავი უნდა აარიდონ
16:30 26.06.2012
გორის რაიონის სოფელ მერეთში მომხდარ ინციდენტს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და ყველა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერსა და აქტივისტს მოუწოდა,  თავი აარიდონ ნებისმიერი სახის დაპირისპირებას წინასაარჩევნო პერიოდში.
„ეს სოფელი რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს საოკუპაციო ზოლთან და ძალიან კარგად მესმის, რამდენად მძიმეა მოსახლებისთვის ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან იმის მოსმენა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და დღევანდელი ოკუპაცია საქართველოს ბრალია“ – განუცხადა ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობაში მსგავსი განცხადებები ასოცირდება კრემლის პოლიტიკასთან და ოკუპანტის ინტერესების დაცვასთან.
ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დემოკრატია გულისხმობს ნებისმიერი პარტიისთვის და პოლიტიკური ძალისთვის პოზიციის გამოხატვის თავისუფლებას და მათ უნდა მიეცეთ მოსახლეობასთან თავისუფლად შეხვედრისა და საუბრის შესაძლებლობა.
„მოვუწოდებ მთელ საზოგადოებას და ყველა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებსა და აქტივისტებს, თავი აარიდონ წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერი სახის დაპირისპირებასა და ინციდენტს“ – განაცხადა ბაქრაძემ
მისი თქმით, საბოლოო ვერდიქტს მოსახლეობა არჩევნების დღეს, საარჩევნო ყუთთან გააკეთებს.
სოფელ მერეთში „ქართული ოცნების“ ლიდერების ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას მოსახლეობასთან შეხვედრაზე შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც კოალიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ინცინდენტი ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული.


ბეჭდვა