მერეთში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი
მერეთში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი
14:28 26.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას გორის რაიონის სოფელ მერეთის მოსახლეობასთან  შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ორი მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ შორის, ერთი გოგონაა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ შიოშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე პროვოკაცია ხელისუფლებამ მოაწყო. როგორც შიოშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შესახვედრად ბევრი ხალხი გამოვიდა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ელოდნენ, ამიტომ დაპირისპირების პროვოცირებისთვის პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც კი გამოიძახეს.
„ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭები არიან და საავადმყოფოში არ წასულან. ორი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, საკმაოდ მძიმე იყო და ისინი საავადმყოფოში გადავიყვანეთ“-განაცხადა შიოშვილმა.
დაზარალებულებს პოლიციისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ.

ბეჭდვა