საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს პოლონელი დამკვირვებლები დააკვირდებიან
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს პოლონელი დამკვირვებლები დააკვირდებიან
13:55 26.06.2012
საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგისთვის ქვეყანას პოლონელი დამკვირვებლები ეწვევიან.
თანხმობა ამის თაობაზე პარლამენტის თამჯდომარემ დავით ბაქრაძემ თავისი პოლონელი კოლეგისგან ბოგდან ბორუსევიჩისგან მიიღო.
როგორც შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბორუსევიჩმა განაცხადა, პოლონელი დამკვირვებლები საქართველოში ეუთოს და ევროსაბჭოს დელეგაციების ფორმატში ჩამოვლენ. ასევე, განიხილება დამკვირვებლების ცალკე დელეგაციის სახით გამოგზავნის შესაძლებლობაც.
ბორუსევიჩის თქმით, საქართველოს და პოლონეთს შორის მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, არამხოლოდ პარლამენტარების დონეზე, არამედ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების დონეზეც. ივლისის ბოლოს პოლონეთის სეიმს საქართველოს პარლამენტის აპარატის დელეგაცია ეწვევა სტაჟირების მიზნით.
ბოგდან ბორუსევიჩის განცხადებით, იგი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის, ასევე, ასოცირების შესახებ და უვიზო მიმოსვლის თაობაზე წარმატებით დასრულდება.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ბოგდან ბორუსევიჩი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია, ხოლო პოლონეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდამჭერია.
„მნიშვნელოვანია პოლონეთის პოზიცია და მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები.
ბოგდან ბორუსევიჩი ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

ბეჭდვა