საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტამბულიდან ბრიუსელში გაემგზავრება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
პრეზიდენტის პრესსკიპერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, სტამბულში პრეზიდენტი BSEC-ის სამიტში მონაწილეობს, იქიდან კი, იგი ბრიუსელში გადაინაცვლებს, სადაც 26-28 ივნისს ევროპის „სახალხო პარტიის“ სამიტს დაესწრება.
„ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტი საკმაოდ დატვირთულია. ჩანიშნულია შეხვედრები ევროკავშირისა და ევროპის ხელმძღვანელ პირებთან. მიხეილ სააკაშვილი შეხვდება ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონს, ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
ამასთან, პრეზიდენტი 29 ივნისს ბაქოს ეწვევა და იქ დაგეგმილ რეგიონალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან.
