საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს ხაზინის მდივანს,
სტივენ მნუჩინს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოითქვა, რომ აშშ-ი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური გარემო და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, რაც მათი შეფასებით, ბიზნესწრეებისა დასაერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსადმი ნდობის ფაქტორს ზრდის.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ინიციატივებს და ეკონომიკურ რეფორმებს.
ამერიკის სახელმწიფო ხაზინაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
