საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ვიზიტი ავსტრალიის თანამეგობრობაში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია
საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი კონსულტაციების მე-3 რაუნდის გამართვა.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯული ბიშოპთან, რა დროსაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის მიმართულებებს. ამასთან, მხარეებმა დააფიქსირეს მაღალი დონის, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრების, ვიზიტების გაცვლის სურვილი. ჯული ბიშოპმა ხაზი გაუსვა მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას და საქართველოსა და ავსტრალიის წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში. მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთოებების დამყარების 25 იუბილის სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობა.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ქ. კანბერაში ავსტრალიის პარლამენტში გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაცია ასევე შეხვდა ავსტრალიის საპარლამენტო მეგობართა ჯგუფის წევრებს და ჯგუფის თავმჯდომარეს დევიდ ლითელპრაუდი. საპარლამენტო მეგობართა ჯგუფმა გამოთქვა მზადყოფნა, ესტუმროს საქართველოს 2017 წლის განმავლობაში.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა სამუშაო ლანჩი ფიჯის, ვანუატუს, პაპუა ახალი გვინეის, სამოას, ტონგასა და სოლომონის კუნძულების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან. ოკეანეთის ქვეყნების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. გამოითქვა მზადყოფნა მთელ რიგ მიმართულებებში (კარგი მმართველობა, ბიზნესის წარმოება და საბაჟო ინსპექტირება) საქართველოს გამოცდილების გაზიარების თაობაზე. საქართველოს დელეგაცია ეწვია პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაღუპული მეომრების მემეორიალს და მიიღო მონაწილეობა გვირგვინით შემკობის ცერემონიალში.
