კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის პირველ
სხდომაზე, რომელიც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა, პარლამენტის თავმჯდომარემ იმერეთის მოსახლეობას კონსტიტუციური პროექტის ახალი რედაქცია თავების მიხედვით გააცნო და იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ოთხთვიანი მუშაობის შედეგად მოამზადა.
„კონსტიტუციის პირველ თავში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი და ოთხი ფუნდამენტური პრინციპი გამოტანილი. ეს არის დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრინციპები, ერთგვარად, ჩაკარგული იყო კონსტიტუციის პრეამბულაში და დღეს ხდება ამ ოთხი პრინციპის გაცოცხლება. თითოეული პრინციპს დაეთმობა სპეციალური მუხლი, რაც კონსტიტუციის დონეზე თითოეული პრინციპის გამყარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
