საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი ზაფხულია, ყველამ მუხლჩაუხრელად უნდა იშრომოს, რადგან საქართველო აღმშენებლობის გზას ადგას სხვანაირად მოქცევის საშუალება უბრალოდ არ არსებობს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერიოდული შეკრებები და იმ საკითხებზე მსჯელობა, რომელიც ყველას გვაწუხებს. წინ ზაფხულია, მაგრამ ჩვენთვის დასვენება არც ზაფხულშია და არც ამ პერიოდში. ეს არის დიდი აღმშენებლობის ეპოქა საქართველოსთვის და ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ მუხლაჩაუხრელად არ ვიშრომოთ“- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად წინსვლისა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განსხვავებული ხედვა არსებობს.
„გუშინ ვკითხულობდი სოციალურ ქსელებში ერთი ქალბატონი წერდა, რა წაჭამეთ ტვინი დენით და შადრევნებითო, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ ქალბატონს გამორჩა რა მოხდა შადრევნების იქით“- აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ შადრევნების გარდა, საქართველოში პარაქტიკულად ახალი ქალაქები აშენდა.
პრეზიდენტის თქმით, ბათუმი მთლიანად ახალი ქალაქია, ხოლო ანაკლია - ახალი კურორტი. მისივე თქმით, ქუთაისი 2-3 წელიწადში სრულიად განახლდება, ახლებურად კეთდება თბილისის ცენტრი, განახლებულია ყვარელი, ზუგდიდი, სიღნაღი, თელავის განახლება სექტემბერში დასრულდება.
„ლაზიკაც აუცილებლად აშენდება, რადგან მათ ვისაც სასაცილოდ არ ჰყოფნიდა 2 წლის წინ ანაკლიის პროექტი, მათ ვისაც დღემდე ჰგონია, რომ ბათუმი ბაყაყებიანი ადგილია, სადაც დღე და ღამე წვიმს, ყველას თავისი სიტყვებისა და სკეპტიკის უკან წაღება მოუხდა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
