საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ბოგდან ბორუსევიჩი.
ვიზიტის ფარგლებში დღეს ბორუსევიჩი ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ–მინისტრს ნიკა გილაურს ხვდება.
როგორც პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, ხვალ პოლონელ სტუმარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძეს მიიღებს, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
საკანონმდებლო ორგანოში სენატის თავმჯდომარე ასევე შეხვდება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან. გარდა ამისა, შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ანდჟეი ტიშკევიჩთან. სტუმარი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზონაში არსებულ ვითარებასაც გაეცნობა.
ბოგდან ბორუსევიჩი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას წაკითხავს.
სტუმარი ქუთაისის ახალი პარლამენტის შენობას დათვალიერებს, მოინახულებს ბათუმის იუსტიციის სახლს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს შეხვდება.
როგორც საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აცხადებენ, პოლონეთის სენატის თავმჯდომარის ვიზიტი ხელს შეუწყობს როგორც საპარლამენტო ურთიერთობების, ისე მთლიანად სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
