პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და მათ შორის, ბაგრატის ტაძარი რელური
საფრთხის წინაშე დგას.
ამასთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ის განმარტავს, რომ ბაგრატის საკითხის და იუნესკოს დასკვნების შესახებ ხელისუფლებამ „ტყუილების კორიანტელი დააყენა“, რომლის მიზანი ხალხის გაბრუება და იმ რეალური საფრთხის დაფარვაა, რომელიც ბაგრატის ტაძარსა და მთლიანად საქართველოს კულტურულ ძეგლებს ემუქრება.
ზურაბიშვილი ბაგრატიის ტაძართან დაკავშირებით რეალურ საფრთხეზე საუბრობს. მისი თქმით, იუნესკოში არსებობს ორი ნუსხა- ერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების, რომელშიც ბაგრატი გელათთან ერთად 1994 წელს ჩაიწერა. მეორე ნუსხა კი - "საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის" ძეგლებს შეიცავს.
„ამ მეორე სიაში პირველი სიიდან გადაჰყავთ ის ძეგლები, რომელთაც ბუნებრივი კატასტროფის ან სხვა გარემოებების, უფრო ხშირად, არასწორი კონსერვაციის ზომების გამო ავთენტურობა და ღირებულება ეკარგებათ. სწორედ ამ მეორე სიაში გადაიყვანეს ბაგრატი და გელათი 2010 წელს დაწყებული და შეუთანხმებელი სამუშაოების შედეგად“-აცხადებს ზურაბიშვილი.
მისივე განმარტებით, მეორე სიიდან ძეგლის ამოწერა ხდება მხოლოდ ორი გზით - ან მოკლე ვადაში ძეგლი უბრუნდება პირველ, მთავარ სიას, მას შემდეგ, რაც იუნესკოს რეკომენდაციები შესრულებული იქნება და არასწორი რეკონსტრუქციის შედეგები გამოსწორებული, ან იმ შემთხვევაში, თუ იუნესკომ მიიჩნია, რომ შეუქცევად პროცესებს ჰქონდა ადგილი და ძეგლის მსოფლიო ღირებულების გადარჩენას ვეღარ შეძლებს. ამ შემთხვევაში ის ძგელებს მეორე სიიდან საერთოდ და სამუდამოდ ამოიღებს.
„ეს მეორე გზა ემუქრება ბაგრატს“-აღნიშნავს ზურაბიშვილი.
ამასთან, მისი განცხადებით, პეტერბურგში დაგეგმილ სესიაზე ბაგრატის სიიდან ამოღება არ მოხდება, თუმცა არა იმიტომ, რომ იუნესკო ეთანხმება ხელისუფლების ხედვას და მოქმედებას, არამედ ეს ორგანიზაციის და საერთაშორისო ინსტანციების მხრიდან მხოლოდ კეთილინების გამოხატვაა.
„ამიტომ იუნესკო მოითხოვს საქართველოსაგან, 2013 წლის თებერვლამდე შეიმუშავოს გეგმა, თუ როგორ გაიმიჯნოს გელათი ბაგრატისაგან, რათა შეძლონ გელათის სიაში დატოვება თუნდაც ბაგრატის გარიცხვის შემდეგ. „არაკომპეტენტური“ იუნესკო გელათის გადარჩენაზე ზრუნავს“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი განცხადებაში.
იქვე ზურაბიშვილი მცხეთის საკითხზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქალაქი, თავისი კულტურული ძეგლებით, ასევე ავთენტურობის დაკარგვის საფრთხის ქვეშაა.
„ბაგრატისგან განსხვავებით, აქ ჯერ შეუქცევად პროცესად არ არის მიჩნეული მიმდინარე მშენებლობები, მაგრამ თუ რა მოხდება და მომავალ განხილვაზე რა მდგომარეობაში იქნება ეს უნიკალური ძეგლთა კომპლექსი, მთლიანად ჩვენი საზოგადოების სიფხიზლეზე იქნება დამოკიდებული“-ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.
საფრთხის გასანეიტრალებლად ზურაბიშვილს სამი რეკომენდაცია აქვს. ის მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა, იუნესკოს თხოვნის თანახმად, სასწრაფოდ უნდა შეიმუშავოს ეროვნული კანონი ქართული და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვისთვის; ახალი ხელისუფლების პირობებში უნდა შეიქმნას ეროვნული კომისია, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება წარმოდგენილი; ასევე უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს საგანძურის დაცვას თავის მიზნად მიიჩნევს და ბოლომდე დაიცვას.
