ზაქარია ქუცნაშვილს "ცისფერების" მიმართ სიძულვილის ენით საუბარში ადანაშაულებენ
ზაქარია ქუცნაშვილს "ცისფერების" მიმართ სიძულვილის ენით საუბარში ადანაშაულებენ
11:22 29.04.2017
სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ "ცისფერების" მიმართ, მათივე შეფასებით, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებას ეხმაურებიან.
აღნიშნულ თემაზე განცხადება დეპუტატმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გააკეთა.
„კონსტიტუციაში [ქორწინების დეფინიციის] ჩაწერით ჩვენ გზავნილს ვუშვებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსები ძალიან თამაშობენ სერიოზულად ამ თემაზე და ამბობენ, რომ აი, საქართველო გახდა ევროპის ასოცირებული წევრი, საქართველომ მიიღო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის უფლება, საქართველომ მიიღო ევროპასთან თავისუფალი გადაადგილების უფლება და აი, საქართველო გახდება ცისფერების ქვეყანა და ჩვენ სერიოზულ გზავნილს ვაგზავნით ყველგან, რომ საქართველო არ გახდება არასდროს ცისფერების ქვეყანა, ხოლო ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც მათი ლობისტი იქნება პირდაპირ თუ ირიბად, მათ საზოგადოება ამხელს და მიუჩენს იმდენ პროცენტს, რამდენ პროცენტზეც ოცნებობენ ეგენი“-განაცხადა ქუცნაშვილმა.
სწორედ ამ განცხადებას აფასებენ სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები დისკრიმინაციულად და აცხადებენ, რომ ქუცნაშვილი დამამცირებელი ტერმინით მოიხსენიებს ლგბტ თემის წარმომადგენლებს.
"აღნიშნული განცხადება შეიცავს სიძულვილის ენას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ. გარდა ამისა, ზაქარია ქუცნაშვილს აშკარად შეცდომაში შეყავს საზოგადოება და მანიპულირებს ისეთი დელიკატური თემით, როგორიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია, როდესაც აცხადებს, თითქოს ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში ჩაწერით სახელმწიფო რაღაც საფრთხეს - “ცისფერების ქვეყანად” გადაქცევას - აიშორებს, ხოლო ლგბტ თემის დისკრიმინაციით შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მეტი კეთილგანწყობა დავიმსახუროთ.
ამგვარი არაადეკვატური და სიძულვილით მოტივირებული განცხადებები დეპუტატის მხრიდან განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, რომელშიც ჰომოფობიური განწყობა ისედაც ძლიერია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო პირებს, თავი შეიკავონ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მოუტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, შელახონ ადამიანის უფლებები და წაახალისონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული"-აცხადებენ არასამთავრობოები.


ბეჭდვა