იმ ტიპის პრაგმატიკოსების მოსვლა ხელისუფლებაში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე აპირებენ გადწყვეტილებების მიღებას, მოსალოდნელი
არ არის.
ამის შესახებ დღეს პარლამენტის მმართველი გუნდის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს აფხაზეთის დე–ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც სასურველ პარტნიორებად კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი თანამოაზრე ირაკლი ალასანია დაასახელა.
„რა პრაგრატიზმზეა საუბარი ჩემთვის აუხსნელია. თუ ეს პრაგმატიზმი გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტრესების დათმობას, რა თქმა უნდა, ამგვარ მოლაპარაკებებში მონაწილეობას დიდი სიხარულით მიიღებენ“ – განაცხადა წიკლაურმა.
ამასთანავე, დეპუტატი მიიჩნევს, რომ კოალიციამ უნდა განმარტოს, რისი დათმობის ხარჯზე აქვს იმედი, რომ „მარიონეტები აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დაიწყებენ მათთან მოლაპარაკებას“.
„მათი გეგმის შესახებ კარგა ხანია გვესმის და სწორედ ეს გეგმა უნდა წარმოადგინონ“ - მიიჩნევს წიკლაური.
მისი თქმით, ალასანია და ივანიშვილი სეპარატისტული ხელისუფლებისთვის მას შემდეგ გახდნენ სანდო მომლაპარაკებლები, რაც ირაკლი ალასანიამ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ბანდფორმირებების შექმნაში დაადანაშაულა.
აფხაზეთის დე–ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბამ ერთ–ერთი იტალიური ჟურნალისთვის „LImes“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა პრეზიდენტის პირობებში საქართველო შეიცვლება, და მოლაპარაკებებზე წარმატების მიღწევა უფრო ადვილი იქნება.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებას უფრო პრაგმატული მოსაუბრე ესაჭიროება, ისეთები როგორებიც არიან ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი.
