პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ რეგიონული მდივანი ლაშა გვასალია სამართალდამცავების მხრიდან პარტიის წევრებზე ზეწოლას არ გამორიცხავს.
როგორც გვასალიამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება უკანონო დაკავებების გზით არასასურველი კონკურენტების ჩამოშორებას ცდილობს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ის დააკავონ.
პარტიის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 20-30 ივნისის პერიოდში პარტიის წევრთა დაკავებაა დაგეგმილი.
„რადგან პარტიაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი მიჭირავს, შესაძლოა, დამაკავონ. თუმცა, მინდა ყველას ვუთხრა, რომ კანონი არასდროს დამირღვევია. არც არაკონსტიტუციური ნაბიჯი გადამიდგამს ოდესმე, მაგრამ როგორც ხელისუფლებას სჩვევია, შესაძლოა, ნარკოტიკის ან იარაღის ჩადების შედეგად დამაპატიმრონ“ - განაცხადა გვასალიამ.
მან მედიას და საელჩოებს მიმართა და ამ და სხვა საკითხებზე რეაგირება სთხოვა.
მისი თქმით, თუ პოლიტიკური პროცესები დღეისთვის არსებულ რეჟიმში წარიმართება, მისივე თქმით, საქართველო მმართველობის ისეთ ფორმას მიიღებს, სადაც დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია.
როგორც გვასალიამ აღნიშნა, მიუხედავდ სირთულეებისა, უახლოეს მომავალში, პარტია საზოგადოებას მაჟორიტარი კანდიდატების სიას წარუდგენს.
