ლუკა კურტანიძე - „ქართულ ოცნებასა“ და „სახალხო კრებას“ შორის მოლაპარაკებები მალე კონკრეტული შედეგით დასრულდება
ლუკა კურტანიძე - „ქართულ ოცნებასა“ და „სახალხო კრებას“ შორის მოლაპარაკებები მალე კონკრეტული შედეგით დასრულდება
13:42 25.06.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და „სახალხო კრებას“ შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგით დასრულდება. ამის შესახებ  „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ლუკა კურტანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „სახალხო კრებამ“ ბიძინა ივანიშვილს სოლიდარობა პოლიტიკაში გამოჩენისთანავე გამოუცხადა და უამრავი სირთულის მუხედავად, მათი გზები მაინც გადაიკვეთა.
„ჩვენ ერთად გადავიხადეთ პანაშვიდი სამებაში, შემდეგ კი - 27 მაისს „სახალხო კრება“ „ქართული ოცნების“ აქციას სრული შემადგენლობით დაესწრო. ამის შემდეგ ივანიშვილის მხრიდან მაჟორიტარებთან დაკავშირებით შეთავაზება მივიღეთ და ეს საკითხი აქტიურად განიხილება“ - განაცხადა კურტანიძემ.
მისი თქმით, მაჟორირატი დეპუტატობის რამდენი კანდიდატი დასახელდება „სახალხო კრებიდან“ ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
„პირველ რიგში, ეს საქმე ეტაპობრივად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, ხოლო შემდეგ ივანიშვილი თავად გადაწყვეტს საკმარისი იქნება თუ არა თუ არა დასახელებული კანდიდატები. მიმაჩნია, რომ ვინც ყველაზე მეტი საქმე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, სწორედ მას ეთქმის ყველაზე ხმამაღალი სიტყვა და ჩვენც მას გამოვუცხადებთ მხარდაჭერას“ - აღნიშნა კურტანიძემ.
„სახალხო კრება“ და „ქართული ოცნება“ რეგიონში მაჟორიტარებთან დაკავშირებით კონსულტაციებს აწარმოებენ. ივანიშვილის შეთავაზების თანახმად, შეთანხმების შემთხვევაში, კონკრეტულ რეგიონებში კოალიცია მხარს „სახალხო კრების“ მაჟორიტარს დაუჭერს.

ბეჭდვა