საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 27 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის
რეგიონის ორ სახელმწიფოს - ინდონეზიასა და მალაიზიას ეწვევა.
როგორც დღეს პრესკონფენციაზე მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, დიპლომატიურო კუთხით პირველად გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები.
„ერთი მხრივ, ეს მეტყველებს საქართველოს იმ კურსზე, რომელიც საგარეო პოლიტიკაში დივერსიფიკაციას და მრავალმხრივი დიპლომატიის განვითარებას გულისხმობს, მეორე მხრივ, ეს ვიზიტები მიუთითებს რეგიონის დაინტერესებაზე საქართველოსთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისი თქმით, ვაშაძე ორივე ქვეყანაში შეხვდება კოლეგებს. ამასთანავე, ინდონეზიაში დაგეგმილია ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრებთან შეხვედრებიც. ვიზიტის ფარგლებში, ინდონეზიასთან მემორანდუმი გაფორმდება საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის და პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ, ასევე, სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება ტექნიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე.
გარდა ამისა, ჯალაღანიას თქმით, ახლო მომავალში ინდონეზიაში საქართველოს საელჩო გაიხსნება.
