ფანჯიკიძე - „ქართულ ოცნებას“ აფხაზ და ოს ხალხთან ნდობის აღდგენის გეგმა აქვს შემუშავებული
ფანჯიკიძე - „ქართულ ოცნებას“ აფხაზ და ოს ხალხთან ნდობის აღდგენის გეგმა აქვს შემუშავებული
12:50 25.06.2012
აფხაზ და ოს ხალხთან ნდობის აღსადგენად კოალიცია „ქართულ ოცნებას“ სპეციალური გეგმა აქვს შემუშავებული. ასე გამოეხმაურა დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფხაზეთს ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების გასამართად ისეთი პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები სჭირდება, როგორებიც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია არიან.

„ის, რომ საქართველო არასოდეს შეურიგდება ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას - ეს ერთმნიშვნელოვანია და ჩვენი პოლიტიკური ძალის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. არ ვიცი რა მოლოდინი აქვს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, მაგრამ საუბარი, რომელიც აუცილებლად შედგება აფხაზ და ოს ხალხთან, საბოლოო მიზნად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სუვერენიტეტის შენარჩუნებას ისახავს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ყველანაირი რესურსი ამოწურა იმისა, რომ ნდობა აღდგეს და სიტუაცია ახალ ეტაპზე გადავიდეს.

მისივე თქმით, საქართველოს ახალ ხელისუფლებას, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა, ხალხებს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად ყველანაირი რესურსი ექნება. 

ბეჭდვა