მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ისტორიული ცენტრის ფესტივალის ფარგლებში, ესპერანცა
ირისის სახელობის თეატრში რუსთაველის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მექსიკურ საზოგადოებას ტერენს მაკნელის „მარია კალასი - გაკვეთილი” წარუდგინა.
ღონისძიება, რომელიც საქართველოსა და მექსიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს მიეძღვნა, მექსიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
მექსიკურ პრემიერას საქართველოს საელჩოს მოწვევით ესწრებოდნენ მექსიკაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, მექსიკის საგარეო საქმეთა სამდივნოსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაირა.
სპექტაკლის დასასრულს, მექსიკაში საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.
