ვალერი გაბელიას შესაძლოა, ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენონ
ვალერი გაბელიას შესაძლოა, ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენონ
10:42 24.06.2012
პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის” რეგიონალური სამსახურის უფროსის მოადგილე ვალერი გაბელია რუსთავის სოდის განყოფილებაში იმყოფება.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, იგი ბახტრიონის ქუჩაზე ნათესავის სადარბაზოდან გამოსვლისას გუშინ 7 უცნობმა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა, ძალის გამოყენებით, ნაცრისფერი „ჯიპის” მარკის ავტომანქანით გაიტაცა.
დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პარტიის წევრებისთვის უცნობი იყო პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ადგილსამყოფელი და მას არ მიეცა არც ოჯახთან და არც თანაპარტიელებთან დაკავშირების საშუალება.
„მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს საგანგებო ბრიფინგის გამართვა, რეგიონალური სამსახურის უფროსს ლაშა გვასალიას ტელეფონით რუსთავის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გამომძიებელი დაუკავშირდა და აცნობა, რომ ვალერი გაბელია მათ განყოფილებაში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდა და ადვოკატს ითხოვდა“- აცხადებენ პარტიაში და განმარტავენ, რომ სოდის გამომძიებელს არ დაუკონკრეტებია, თუ რა საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დაკავებულის დაკითხვა და რა იყო მისი დაკავების მიზეზი.
პარტიის ლიდერები - რეგიონალური სამსახურის უფროსი ლაშა გვასალია და ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი სოსო გიორგაძე მომხდარ ფაქტს 12 მაისს სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ჩატარებულ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა მრავალათასიან შეკრებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ვალერი გაბელია დევნილთა შეკრებაზე განსაკუთრებით აქტიურობდა.
„სურვილის შემთხვევაში, თუ ამ კონკრეტულ უწყებას ჰქონდა კითხვები დაკავებულ ვალერი გაბელიასთან, მათ თავისუფლად შეეძლოთ წერილობითი ფორმით ეცნობებინათ მისთვის ამის შესახებ და არა იმ ყაჩაღური მეთოდებით, როგორც მათ განახორციელეს“ -აღნიშნა ლაშა გვასალიამ.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, ვალერი გაბელიას დაკითხვა რუსთავის სოდის განყოფილებაში დასრულებულია და სავარაუდოდ, მას 48 საათის განმავლობაში ბრალს თაღლითობის მუხლით წაუყენებენ.

ბეჭდვა