„ქართული ოცნება“ დღეს ალტერნატიულ „კარდაკარს“ იწყებს
„ქართული ოცნება“ დღეს ალტერნატიულ „კარდაკარს“ იწყებს
10:21 24.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის დაზუსტების მიზნით, დღეს „კარდაკარის“ პროექტს იწყებს.

„კარდაკარი“ მთელი საქართველოს მასშტაბით ერთდროულად 63 ოლქში დაიწყება და მასში 10 ათასამდე აქტივისტი ჩაერთვება.

პროექტის მეშვეობით ხმის უფლების მქონე პირების ფაქტობრივი მდგომარეობა გადამოწმდება, გამოვლინდება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი და მოწყვლადი ჯგუფები, ასევე, გაიზომება ამომრჩევლის მოსალოდნელი აქტივობა და განწყობა, დაფიქსირდება უმისამართო პირადობის მოწმობის მქონე ამომრჩეველი და დუბლირებულ მისამართზე მცხოვრები პირები.

„კარდაკარის“ პროცესში ჩართულ აქტივისტებს „ქართული ოცნების“ მაისურები ეცმევათ და აღჭურვილნი იქნებიან საიდენტიფიკაციო სამკერდეებით. მათ ხელთ ექნებათ სპეციალური საქაღალდეები, რომლებშიც საარჩევნო უბნის პასპორტი და სხვა დოკუმენტები იქნება მოთავსებული.

სიების გადასამოწმებლად კოალიციის აქტივისტები ამომრჩეველთან 10.00 საათიდან 22.00 საათამდე მივლენ. „კარდაკარი“ ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„ქართული ოცნება“ „კარდაკარის“ შედეგებს საარჩევნო სიის დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას აცნობებს.

ბეჭდვა