პაციენტებში ფსიქიატრიული მომსახურებით კმაყოფილებამ იმატა
პაციენტებში ფსიქიატრიული მომსახურებით კმაყოფილებამ იმატა
17:00 24.02.2012
ფსიქიკური აშლილობის პაციენტებში ფსიქიატრიული მომსახურებით კმაყოფილებამ იმატა - ეს განცხადება ორგანიზაცია ,,თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის"  თავმჯდომარე ნანა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით 50 პაციენტის გამოკითხვამ უჩვენა, რომ მათი უმრავლესობა კმაყოფილია იმ ახალი პირობებით რაც მათ სახელმწიფომ შესთავაზა.
,,ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ფსიქიატრიული მომსახურებით კმაყოფილებამ იმატა. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ პაციენტების და ახლობლების ნაწილი კმაყოფილია თანამედროვედ აღჭურვილი ახალი საავადმყოფოებით, ახალი პირობებით, რომელიც მათ სახელმწიფომ შესთავაზა. მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა, რომ ფსიქიატრიული მომსახურების ხარისხი წამოუდგენელია ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, თუ არ იქნება დაცული მისი ღირსება" - აღნიშნა ნანა ზავრადაშვილმა.
მისი თქმით ჯანდაცვის კომიტეტში წარმოდგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტრატეგია – ,,ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები", რომლის ადაპტაციაც ქართულ სინამდვილესთან უნდა მოხდეს.
ზავრადაშვილის განმარტებით, სტრატეგიის თანახმად პაციენტები ჩართულები უნდა იყვნენ მომსახურების პროცესში. შეძლებისდაგვარად ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარი დაავადებისა და მკურნალობის შესახებ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 1000 ადამიანი მკურნალობს, დანარჩენები კი ამბულატორიულ მკურნალობას გადის.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმაზე მსჯელობენ. კომიტეტში გამოფენილია ასევე ფსიქიკური პრობლემების მქონე მხატვრის რამდენიმე ათეული ნახატი.

ბეჭდვა