საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში კოლუმბიის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარა), ხუან ალფრედო პინტო საავედრასთან.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კოლუმბიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
მხარეებმა აღნიშნეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ინტენსიფიკაციას. ასევე, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში, სახელშეკრულებო ბაზის გაღრმავების კუთხით მიღწეულ პროგრესს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თბილისში 28 მარტი - 1 აპრილის პერიოდში მიმდინარე კოლუმბიის კულტურის კვირეულს და ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი ცნობადობის გაზრდის მნიშვნელობას.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს, როგორც რეგიონული, სავაჭრო, ლოჯისტიკური და ენერგეტიკული ცენტრის (ჰაბის) მზარდ მნიშვნელობაზე და ამ კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ კოლუმბიის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხს. კოლუმბიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
