საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ლიტვაში
საქართველოს საელჩოსა და ლიტვის ოფიციალური სტრუქტურების თანამშრომლობით, 29 მარტს, ქუთაისი-ვილნიუსის ავიარეისით ლიტვაში ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებისათვის საგანგებო საზეიმო დახვედრა გაიმართა.
ლიტველები ჩამოსულ მგზავრებს შეეგებნენ მისასალმებელი ლოზუნგით "საქართველო - ახლოს ვიდრე ოდესმე" (Georgia - Closer Than Ever!). ვილნიუსში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში დახვდნენ საქართველოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე, ქ. ვილნიუსის მერი რემიგიუს შიმაშიუსი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დარიუს სკუსევიჩიუსი, ევროკომისიის წარმომადგენელი ლიტვაში არნოლდას პრანცკევიჩიუსი და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელობა.
საქართველოს ელჩმა და ლიტველმა ოფიციალურმა პირებმა სიტყვით მიმართეს აღნიშნული ავიარეისის მგზავრებს და მიულოცეს უვიზო მიმოსვლის ამოქმედება. ამასთან, ვილნიუსის მერიამ და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეებს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები, სუვენირები და ნუგბარი. ღონისძიებაზე ქართული სიმღერები შეასრულა ქართველმა მომღერალმა იოანე არაბულმა.
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან ლიტვაში პირველი მგზავრების ჩამოსვლასთან დაკავშირებული ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ლიტვის მედია-საშუალებების მიერ.
