საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს მარნეულის მოსახლეობას ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად შეხვდა.
ბაქრაძემ ადგილობრივებს ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
„ჯანდაცვა და სოციალური საკითხები ის თემებია, რაც მოსახლეობას აღელვებს. ამ რეგიონისთვის ტრადიციულად მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების პრობლემა. წლების განმავლობაში აქ ხალხი ისე ცხოვრობდა, არც სასამელი და არც ტექნიკური წყალი არ ჰქონდა. ეს პრობლემა თანდათან გვარდება“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.
მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ამ რაიონში სარწყავი წყლის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს. ბაქრაძე აცხადებს, რომ უახლეს წლებში მარნეულში 18 ათასი ჰექტარი მიწა მოირწყა, რაც სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარე მარნეულის სასურსათო ქარხანასაც ესტუმრა, საწარმოო პროცესს გაეცნო და ადგილზე დასაქმებულებს გაესაუბრა.
