„საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით
განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ამ დღეს ულოცავს.
„გულითადად გილოცავთ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას. ეს თარიღი ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსათვის ისტორიულია. ეს არის შესაძლებლობა, ღირსეულად დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში, რომელსაც ათწლეულების წინ იძულებით დაგვაშორეს. დღეს, ჩვენი წინაპრების ოცნება რეალობად იქცა, რკინის ფარდა საბოლოოდ დაინგრა. საქართველო ღირსეულად იმკვიდრებს საკუთარ ადგილს თანამედროვე, დემოკრატიულ დასავლურ სამყაროში. საქართველომ დაიმსახურა ვიზალიბერალიზაცია, ეს ქართველი ხალხის მონაპოვარია.
ეს წარმატება მინდა განსაკუთრებით მივულოცო ახალგაზრდებს. მათ რეალურად ეძლევათ შესაძლებლობა, თავისუფლად გადაადგილდნენ ევროპის ქვეყნებში, მიიღონ მეტი გამოცდილება, განათლება და ყოველივე ეს მოახმარონ თავიანთ ქვეყანას.
ვიზალიბერალიზაცია დიდ შესაძლებლობასთან ერთად, გულისხმობს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, რომ ამას ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად გააცნობიერებენ და გაუფრთხილდებიან მონაპოვარს.
კიდევ ერთხელ, თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის სრულფასოვანი ევროინტეგრაციისკენ. პროცესი გრძელდება, მჯერა, წინ ბევრი წარმატება და გამარჯვებაა“-აცხადებს მამულაშვილი.
