კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური დმანისის რაიონის სოფელ კარაბულახის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, ძიძიგურმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
კარაბულახის მოსახლეობის განცხადებით, სოფლის მიმდებარე საძოვრები სოფლის საკრებულოს თავმჯდომარემ ორგუ ჯანგირმა მიითვისა და ადგილობრივებს მიწით სარგებლობას უკრძალავს.
ამასთან, სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის, უგზოობისა და ადგილობრივი ამბულატორიის პრობლემებზეც საუბრობს.
მათი თქმით, სასმელი წყალი დაბინძურებულია და ქვეწარმავლები მოყვება. სათავე ნაგებობა კი, საიდანაც მოსახლეობა სასმელი წყლით მარაგდება, დანგრეულია.
ზვიად ძიძიგურის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა იმედს „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილზე ამყარებს.
„თვალშისაცემია ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანელების ცვლილება. წინა წლებისგან განსხავებით, მათ არ ეშინიათ და პრობლემებზე ღიად და საჯაროდ საუბრობენ“-აღნიშნა მან.
მოგვიანებით, ზვიად ძიძიგური დმანისის რაიონის სოფელ გომარეთაც ეწვია და მოსახლეობას შეხვდა. ის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდა და მათ კოალიციის გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
