„სახალხო კრება“ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგთან“ დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებებს გმობს და კომპანიას სოლიდარობას უცხადებს.
განცხადება ამის შესახებ კრებამ დღეს გაავრცელა.
„სახალხო კრებაში“ აცხადებენ, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიზანი ხელისუფლებაში ყოფნის ნებისმიერ ფასად გახანგრძლივებაა.
„ხელისუფლება არც ადრე და მით უფრო, არც ახლა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე თვე დარჩა, არ ერიდება საკუთარი მოქალაქეების დატერორებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობა იმ ვირტუალურ რეალობაში აცხოვროს, რომელსაც უკვე მრავალი წელია წარმატებით ქმნის საერთონაციონალური მაუწყებლობის ტელევიზიებით“-ნათქვამია კრების განცხადებაში.
„სახალხო კრების“ განმარტებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ხშირდება მოქალაქეებისათვის ალტერნატიული ინფორმაციის მიღების მიზანმიმართული შეზღუდვა, ტყუილის პროპაგანდა, მედიაზე ზეწოლა, ბიზნესის დატერორება, უკანონო დაპატიმრებები და სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რაც ისედაც მძიმე საარჩევნო გარემოს უკიდურესად კრიტიკულს ხდის.
კრება მიიჩნევს, რომ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ფუნქციონირების შეჩერება და ქონების დაყადაღება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის კონსოლიდირებული ბრძოლის გარეშე დამარცხება შეუძლებელია.
„უკვე წელიწადზე მეტია „სახალხო კრების“ ძვირადღირებული ქონება ხელისუფლებას აქვს გატაცებული და ამ ფაქტთან დაკავშირებით სამწუხაროდ, პრაქტიკულად არც ერთი ოპოზიციური ძალის მხრიდან ელემენტარული სოლიდარობა არ დაფიქსირებულა“-აღნიშნულია განცხადებაში.
„სახალხო კრება“ ყველა ოპოზიციურ ძალას კოორდინირებული და შეთანხმებული მოქმედებებისაკენ მოუწოდებს.
