„ევროკავშირი ბევრ გამოწვევას ებრძვის, მათ შორის სკეპტიციზმის ტალღასაც. ზუსტად ამიტომ, წარსული გაკვეთილების
გათვალისწინება, ძველი თაობების ღვაწლის გახსენება და ევროპული პროექტის შექმნის მთავარი იდეა, დაგვეხმარება ევროკავშირის მნიშვნელობისა და ევროპელებისთვის გაწეული მიღწევების უკეთ გაგებაში“, - ამ სიტყვებით გახსნა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ ევროკავშირის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ევროკავშირი რომის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 წლის იუბილეს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში რომის ხელშეკრულების 60 წლისთავისადმი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინტიტუტის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ევროკავშირი 60-ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი“ გაიმართა.
ღონისძიებას უმასპინძლეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.
სტუმრებს, ასევე, მიმართეს ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ, იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა "მტკიცე კავშირი, რომელმაც დროს გაუძლო", რომელიც ტექსტების, ფოტომასალებისა და დოკუმენტების მეშვეობით, ევროკავშირის ისტორიის ძირითად ეტაპებსა და უმნიშვნელოვანეს მიღწევებს ასახავს. ღონისძიება გაგრძელდა დისკუსიით ევროკავშირის მომავლისა და გამოწვევების, ასევე, ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) შესახებ.
ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, იტალიის საელჩოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ასევე, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა.
