30 ივნისს ბათუმში საპროტესტო სამოქალაქო მოძრაობა დაიწყება. ამის შესახებ დღეს იუნკერების საფლავზე გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკურმა პარტიების - „ქართულმა დასი“, „დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს.
როგორც „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, აღნიშნული პოლიტიკური პარტიები 30 ივნისს, შვიდ საათზე იუნკერების საფლავთან შეიკრიბებიან და ეს გახდება აჭარაში პროტესტის დასაწყისი „იმ სიბინძურის წინააღმდეგ რაც აჭარაში ხდება.“
„დღეს აჭარაში ანტიქართული ძალები გააქტიურდნენ. ისინი პროპაგანდას ეწევიან, რომ აჭარა თითქოსდა თურქეთის ნაწილია. ეს ძალები დაუსჯელად მოქმედებენ და სწორედ მათ გადააქციეს აჭარა საერთაშორისო ტრეფიკინგის ცენტრად. გვაქვს აჭარის ხელახალი დაკარგვის რეალური საფრთხე. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო პროტესტის ორგანიზებას რომლის მიზანი აჭარაში პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების კონსოლიდაციაა“-განაცხადა ბაღათურიამ.
აჭარაში დაწყებულ მოძრაობას სავარაუდოდ „სახალხო კრება“ და მოძრაობა „თეთრებიც“ შეუერთდება.
