ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ხიზრი ალდამოვის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის სააკაშვილის მიერ იჩქერიის მთავრობის შექმნაზე საუბრობს, არასერიოზულია.
ექსპერტი ალდამოვის მიერ გაკეთებულ განცხადებებში დიდ საფრთხეს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადება სხვა, ნეიტრალურ პიროვნებას რომ გაეკეთებინა უფრო საყურადღებო და დამაფიქრებელი იქნებოდა.
ცისკარიშვილის განცხადებით ძნელად წარმოსადგენია მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე რაიმე ტიპის მთავრობა შექმნას.
„ალდამოვის ამ ბრალდებას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ვერაფერი პერსპექტივა ჰქონია იჩქერიას და მის მთავრობას, თუ ის სააკაშვილის შესაქმნელი გახდება, ხოლო რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მაქსიმუმი, რაც შეიძლება სააკაშვილმა მოიმოქმედოს, ეს არის საქართველოს ბოიკოტი 2014 წლის ოლომპიადაზე“-აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ ხიზრი ალდამოვის მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ პუტინის ფრთებქვეშ მყუდრო თავშესაფარის მოპოვების მცდელობას უკავშირდება.
თუმცა ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ხიზრი ალდამოვის განცხადებებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის აუცილებლად გამოიყენებს.
